“ვინ არის სინამდვილეში ილია II – თავს მოვალედ ვთვლი, რომ ღიად დავაფიქსირო ფაქტები“ – ჭიღლაძე

0
825
32 Views

ვინმე ილია ჭიღლაძე საქართველოს პატრიარქზე, ილია მეორეზე წერს:

“ვინ არის სინამდვილეში ილია II
მძიმე რეალობა და კრიზისული მოცემულობაა ირგვლივ, თუმცა კიდევ უფრო მძიმეა ობიექტურ ანალიზზე უარის თქმა, სიმართლის დამალვა და ინფანტილიზმი. აქედან გამომდინარე, თავს მოვალედ ვთვლი ღვთისა და საზოგადოების წინაშე, რომ ღიად დავაფიქსირო ფაქტები და მოგიწოდოთ მოვლენათა სწორუპოვარი განსჯისაკენ…
დღეს, როგორც არასდროს, აბსოლუტური კატასტროფისა და აპოკალიპტური დაცემის გამომხატველია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო. ეს არის მენეჯმენტი, რომელიც ჰედონიზმისა და ყოველგვარი უხამსობის მიმდევარია. ამას ემატება კოლაბორაციონიზმი, კრემლის 100%-იანი გავლენა და იდეოლოგიზებული სისტემა, სადაც აღვირახსნილობა არ შემოიფარგლება მხოლოდ სექსუალური პერვერსიების ფარული ტირაჟირებით, არამედ იატაკქვეშა გავლენებით, არალეგალური ფულის გათეთრებითა და ხორციელთან ერთად პოლიტიკური პროსტიტუციის სიმპტომებით.
დაახლოებით მსგავსი მოცემულობა გვქონდა 1104 წელსაც, როცა მეფე დავით აღმაშენებელმა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება მოიწვია და სოდომიისაგან გაათავისუფლა ეკლესია. მაშინაც ტრენდად იყო ეკლესიაში ჰომოსექსუალობა და პედოფილია და ახლაც ასეა (თუ არა უარესად)!
კაგებემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მორალურად პრობლემატური იერარქია გვყოლოდა, რადგან ასეთი კასტის მართვა იოლად მანიპულირებადი და გაკონტროლებადი ყოფილიყო. ამ მისიას სათავეში ჩაუყენეს ილია (ირაკლი) შიოლაშვილი, რომელიც პატრიარქად დაგვინიშნეს და მთავარ რეზიდენტად მოაგზავნეს საქართველოში. ეს არის კაცი, რომელსაც პირადი კულტის გაძლიერების, სიამოვნებისა და განცხრომის მეტი, არაფერი ევალებოდა და უნდა ითქვას, რომ კრემლის ყველა დავალება უზადოდ შეასრულა კიდეც ინსტრუქციის მიხედვით. საპატრიარქო დაამსგავსა ერმიტაჟს, საკუთარი თავი – ზევსს, სამების ლავრა – არტემიდას ტაძარს, სინოდი – ხელქვეით ფაშათა კოლეგიას, იერარქია და სამღვდელო დასი – სოდომსა და გომორს, ერი – წარმართებსა და ოკულტისტებს. გარდა ამისა, მან (ილია მეორემ) დაამხობინა სულმნათი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელსაც არ აპატია ეკლესიაში გეილობის მხილება და ანტირუსული პოლიტიკა. ლეგიტიმაცია მისცა ბანდფორმირებებსა და კრიმინალურ ოპოზიციას (კიტოვანი, იოსელიანი, კვირაია და ა.შ.) და ყველაფერი გააკეთა რენეგატ ედუარდ შევარდნაძის გაპრეზიდენტებისათვის!
ეს არის პატრიარქი, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს ეგოისტურად გაიპარა, წინ არ აღუდგა მომხვდურთ და მოსახლეობა შეატოვა როდიონოვის ტანკებს!
ეს არის პატრიარქი, რომელსაც მრევლი ღატაკი ჰყავს და მისაღებ ოთახში 75 000 ევროიანი ქოთნის დეკორატიული ხით ტკბება!
ეს არის პატრიარქი, რომელსაც შამანური მენტალიტეტი და ანიმისტური მსოფლმხედველობა აქვს და აბსოლუტურად ადოგმატური და ერეტიკული აზროვნებისაა!
ეს არის პატრიარქი, რომელიც “ყველას სიმპათიაა”, იმიტომ რომ არასოდეს პრინციპების, ღირებულებებისა და სიმართლის მიხედვით არ მოქმედებს!
ეს არის პატრიარქი, რომელიც ყველა დროის ყველაზე უფრო დიდი ნარცისი და თავმომწონეა (დაწყებული 80 000 დოლარიანი შესამოსლებით, დამთავრებული – ბრილიანტისა და ლალის თვლებიანი ატრიბუტებით)!
ეს არის პატრიარქი, რომელსაც ყველაზე მეტი მატერიალური სიმდიდრის ქონის უფლება იმიტომ აქვს, რომ მავანთა ლოგიკით თურმე და “აჩუქეს, უსახსოვრეს და საფლავში ხომ ვერ ჩაიტანს?!”
ეს არის პატრიარქი, რომელსაც ყოველ წელს თითო გვარზე სამ-სამი ცხვრის დაკვლა – “საოცარი შედეგის მომტან” ადათად მიაჩნია!
ეს არის პატრიარქი, რომელსაც ელიტიზმი, სნობიზმი და ბიზნეს სექტორთან რევერანსები სჯულზე უმტკიცესად აქვს გამჯდარი ცხოვრების წესში!
ეს არის პატრიარქი, რომელმაც სხვადასხვა დროს ყველა ოპონენტი გაანეიტრალა (აკრძალული და დანაშაულებრივი მეთოდებით), ზოგი ციხეში ჩაასმევინა, ზოგი განკვეთა და ზოგის ბედიც გაურკვეველ ვითარებაში აღსასრულით დაბოლოვდა!
ეს არის პატრიარქი, რომელმაც ფსევდოსულიერება აქცია ცოდნის ჯალათად და სრულ იზოლაციაში მოაქცია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია!
ეს არის პატრიარქი, რომელიც ტირან სტალინს “მორწმუნე ადამიანად და უკანასკნელ მართლმადიდებელ ხელმწიფედ” მიიჩნევს, რომლის გარდაცვალებამ, მისი თქმით ატირა კიდეც 1953 წელში!
ეს არის პატრიარქი, რომელსაც იოტისოდენად არ აწუხებს პარანოიდ პროტოპრესვიტერ (რექტორ) გიორგი ზვიადაძის მხრიდან ჩაგრული სტუდენტების ბედი თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიაში!
ეს არის პატრიარქი, რომელმაც საპატრიარქოს ბიუჯეტისა და ხარჯთაღრიცხვის მაკონტროლებელ მექანიზმზე (აუდიტი, რევიზია, მონიტორინგი) უარი განუცხადა სახელმწიფოს სათანადო უწყებებს და გარანტირებულად შეუვალ პოზიციაზე დადგა, რითაც ფინანსურ მახინაციებს მწვანე შუქი აუნთო საკუთარ ბუნაგში!
ეს არის პატრიარქი, რომელიც გარდაუვლად გაიზიარებს (ფიგურალური მნიშვნელობით) ვარლამ არავიძის ბედს (ფილმი “მონანიება”), რომელსაც მართალია ხოტბით ეთხოვებოდნენ და “მაღალი სულის, ნათელი გონებისა და კეთილი გულის” ადამიანის სახელით აცილებდნენ, ხოლო რეალურად კი საფლავიდან თხრიდნენ და კარიბჭეზე აჭედებდნენ მისი ნამდვილი სახის გამო!
ეს არის პატრიარქი, რომელმაც ოკუპანტ პუტინს “ბრძენი, კეთილი და თბილი ადამიანი” უწოდა!
ეს არის პატრიარქი, რომელმაც საქართველოს მთავარ მაოხრებელს, გამაუპატიურებელს, მოროდიორსა და ყაჩაღ ჯაბა იოსელიანს “ეროვნული გმირი” უწოდა, სიონის საპატრიარქო ტაძარში “გააპატიოსნა” და დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში თავისივე ლოცვა-კურთხევით დააკრძალვინა!
ეს არის პატრიარქი, რომელმაც 1983 წლის “თვითმფრინავის ბიჭები” და მათი უდანაშაულო მოძღვარი არ დაიცვა და ტრადიციულად ნეიტრალურ პოზიციაზე დადგა!
ეს არის პატრიარქი, რომელმაც შევარდნაძის ჩამოსვლას “წარმატების აპოგეა” უწოდა და იქვე დასძინა, რომ “თუკი ბატონი ედუარდი არ ჩამოვიდოდა, ქართველი ერი არ აპატიებდა მას განსაცდელში მიტოვებას”!
ეს არის პატრიარქი, რომელიც სეპარატიზმის მხარდამჭერსა და ქართველოფობს – კირილეს (რუსეთის პატრიარქს) “მსოფლიო მასშტაბით მართლმადიდებლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის” მადლობას უხდის და ემადლიერება!
ეს არის პატრიარქი, რომელმაც იმიგრანტების შესახებ ქსენოფობიური და შოვინისტური პათოსით განაცხადა: “ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ჩამოსვლას, თუმცა სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს!” წარმოიდგინეთ, პირველიერარქი “ქართული მარშის” წევრებზე არანაკლებ საზიანო და ანტიქრისტიანულ განცხადებებს აკეთებდა!
ეს არის პატრიარქი, რომელიც დაწყებული სომეხი მონოფიზიტური იერარქებიდან, გაგრძელებული კათოლიკეებითა და დამთავრებული – პროტესტანტებით, ყველასთან ევქარისტიულ კავშირში შედიოდა და ერთობლივად წირავდა, რაც არცერთ პატრიარქს მსოფლიოში ამ ფორმით (ზიარებითა და საკურთხეველში თანალოცვით) არ უმგაუბედია! და მიუხედავად ამ ყველაფრისა, საკუთარ თავს “მართლმადიდელობისა და ჭეშმარიტების დამცველად” მიიჩნევს, რაშიც ფარისეველთა ბრბოც უტიფრად ეთანხმება!
ეს არის პატრიარქი, რომელიც 1 300 000 ლარიანი ავტომობილით გადაადგილდება და სულაც არ რცხვენია, როცა ერის მოსახლეობის 60 % ღარიბია!
ეს არის პატრიარქი, რომელიც მარხვას “ხიზილალით ხსნილად” აცხადებს და ამის თქმის ოდნავადაც არ რცხვენია მშიერი მრევლის წინაშე!
ეს არის პატრიარქი, რომელსაც სჯერა, რომ მეორედ მოსვლა სნოს ნიშიდან დაიწყება და თავად შეაგებებს უფალს კავკასიის მთელ სამწყსოს!
ეს არის პატრიარქი, რომელმაც მოშალა კრებითი მმართველობის წესი ეკლესიაში და აბსოლუტი ერთმმართველის სკიპტრა უკანონოდ იგდო ხელთ!
ეს არის პატრიარქი, რომელმაც სხვათა მიერ დაწერილი საგალობლები საკუთარ შემოქმედებად შემოგვატყუა!
ეს არის პატრიარქი, რომელსაც საერთოდ არ ანაღვლებს სჯულის კანონი და შესაბამისად ილარიონ ალფეევის ვიზიტიდან რამდენიმე კვირაში მოსაყდრედ გვაჩეჩებს სრულიად უმაქნის მიტროპოლიტ შიოს, რომელიც მოსკოვთან პირდაპირი ბმის გამო ესიმპათიურება მას!
ეს არის პატრიარქი, რომელმაც რუსეთის აგრესიაში და აგვისტოს ომში (2008 წ.) ირიბად და მზაკვრულად, საქართველო დაადანაშაულა და ორი მავნებლური კომენტარი გააჟღერა: 1) “მე არ ვიცოდი, რომ იწყებოდა ომი. მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ჩემთვის ეთქვათ. წარმოიდგინეთ, ქვეყანაში იწყება ომი და პატრიარქმა არ იცის”; 2) “ეს არ უნდა მომხდარიყო და ეს შეიძლებოდა არ მომხდარიყო. როცა ზღვაში მეჩეჩი დგას, კარგი კაპიტანი პირდაპირ კი არ დაეჯახება, არამედ გვერდს აუვლის მას”! ამ განცხადებებით, ფაქტობრივად ბრალი დასდო ქართულ მხარეს და უნისონში გაიმეორა ლავროვის რიტორიკა!
ეს არის პატრიარქი, რომელიც მონარქიულ წყობილებას საკუთარი უტილიტარული და კლერიკალური ინტერესით ხელს უწყობს, უკვე დაოჯახებულ ბაგრატიონთა ასულს “გლეხ” ქმარს ძალით აშორებს და უსიყვარულოდ აყოლებს მემრუშე “მეფე” ბატონიშვილს, რომელსაც ბალმასკარადში მონაწილეობის მეტი არაფერი მოტანია ქვეყნისათვის!
ეს არის პატრიარქი, რომლის საპატრიარქოს ადმინისტრაციაც კარტელურ ბიზნეს-სქემებსა და არლეგალურ ფინანსურ მანიპულაციებშია ახლართული, რომელსაც 25 მილიონი არ ჰყოფნის და ყველაზე მდიდარი ინსტიტუციაა უძრავ-მოძრავი ქონების ფლობის მიხედვით ქვეყანაში!
ეს არის პატრიარქი, რომლის ე.წ. “შეწყალების კომისიაც” ფულადი ვაჭრობისა და ინდივიდუალური გარიგებების მიხედვით, ნებისმიერი სიმძიმის დამნაშავეს “იწყალებს” და ათავისუფლებს ციხიდან!
ეს არის პატრიარქი, რომელსაც მიაჩნია, რომ ხელოვნური განაყოფიერებითა და სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ბავშვები პრობლემატურნი იქნებიან და ისინი უსიყვარულობისთვის, მარტოობისთვისა და მიუსაფრობისთვის არიან განწირულნი (2014 წლის საშობაო ეპისტოლე).
ეს არის პატრიარქი, რომლის საგარეო ვიზიტების 70 % მაინც და მაინც რუსეთზე მოდის!
ეს არის პატრიარქი, რომელსაც სისხლში და გენეტიკაში აქვს “საეჭვო გარემოებები”, რამეთუ კარგად იციან და მიზანმიმართულად ასაიდუმლოებენ გამყალბებელი ისტორიკოსები მამამისის – გიორგი შიოლაშვილის მეეტლეობას წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II-ის კარზე, რომელიც ბურუსით მოცულ გარემოში აღესრულა!
ეს არის პატრიარქი, რომელმაც მთელი საბჭოთა პერიოდის მანძილზე პირდაპირ ითანამშრომლა ათეისტური იდეოლოგიის კაგებესთან. დადასტურებული ფაქტია, რომ რელიგიური ორგანიზაციები საბჭოთა პერიოდში ტოტალიტარული სისტემის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდნენ და საბჭოთა სუკი მათ საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა. მეტსახელი “ივერიელი” – სწორედ მის აგენტურულ კოდს წარმოადგენს.
ეს არის პატრიარქი, რომელმაც მოსკოვის საპატრიარქოს დირექტივის საფუძველზე (მაშინ, როცა ჩეხეთში სამკურნალოდ იმყოფებოდა და რუსეთის საპატრიარქოს დელეგატებს კონფიდენციალურად ხვდებოდა) 2016 წელს, კრეტის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე უარი თქვა და მანამდე, მონაწილეობაზე ხელმოწერით დადასტურებული თანხმობა გადათქვა, რითაც საფრთხის ქვეშ დააყენა მართლმადიდებლობის სისავსე და როგორც ფეესბეს სატელიტმა ხარკი მიართვა კრემლის იმპერიულ ეკლესიას!
…და ა.შ. ვრცელია კათოლიკოს-პატრიარქ ილიას “საქმენი საგმირონი”, ეს ფორმატი ვერ დაიტევს…
to be continued…
ავტორი: თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი, 2019 წ”, – ნათქვამია დეკანოზის გამოქვეყნებულ გზავნილში.

Cesko