“ჩვენს ხალხს რომ არ მოსწონდეს საკუთარი მთავრობა, აქამდე არ შეინარჩუნებდა მას…” – შათირიშვილი უკრაინას

0
448
22 Views

მწერალი, “ქართული ოცნების” თანადამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი:

“ქრისტე აღდგა!..

უფალო გემუდარები, გონება აღუდგინე უკრაინის ხელისუფლებას, გუშინდელ პრესკონფერენციაზე “იმედის” ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე უკრაინის პრეზიდენტის მიერ გაცემულია პასუხმა, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ იგი საკუთარ შეხედულებასა და პოზიციას არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებაზე დაყრდნობითა და პატივისცემით, საკუთარი ქვეყნის ელჩი ისეთი ქვეყნიდან არ გაუწვევია, საიდანაც დღესაც ბომბავენ უკრაინელ ხალხს…

ერთის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხს ემადლიერება და საქართველოს მთავრობას გაკვრითაც არ ახსენებს – იგნორირებას უკეთებს (ეტყობა “სხვა” მთავრობა აწყობს და ელჩსაც მაშინ წარმოგზავნის), ვერ გაუგია, რომ ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა მისსავე მთავრობას არ ემადლიერება, რადგან ჩვენს ხალხს რომ არ მოსწონდეს საკუთარი მთავრობა, აქამდე არ შეინარჩუნებდა მას…

ცხადია, უკრაინის ხელისუფალი “სხვა” ხალხს გულისხმობს და, ეს “ხალხი” ნაციონალური მოძრაობის მცირედი მომხრენი ჰგონია… ასევე აქებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას და ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობას უძღვნის, ხოლო იარაღით რომ ვერ ეხმარება, ეს ესმის და ყოველივე ამას გაგებით ეკიდება…

ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებაა, უკრაინიდან დევნილებს პატივითა და სიყვარულით რომ ვექცევით – სხვათა შორის, უკრაინელ ჯეელებსაც, მშვიდობიანად რომ გვაფარებენ თავს და – ეს სწორედ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით ხორციელდება… ასე რომ, პოლიტიკური უზნეობაა, ქართველი ხალხი შექებით მოიხსენიო და მისი მთავრობის მადლიერებაზე პირში წყალი ჩაიგუბო…

რომელ სანქციების შეერთებაზე გვესაუბრება ბ-ნ ზელენსკი, როცა ყველაფერს შევუერთდით რუსეთის საწინააღმდეგოდ დადგენილ დირექტივებს და, ის სტრატეგიული ობიექტები, რუსეთს, წინამორბედმა, ზელენსკისთვის მისაღებმა ხელისუფლებამ რომ უფეშქაშა, ჩვენს ხელში არ არის და გაურკვეველია, რას გვთავაზობს პატივცემული ზელენსკი, უწყლობასა, უგაზქურობასა და უშუქობაში ვამყოფოთ ქართველი ხალხი და, მით უფრო – უკრაინიდან მოსტუმრებული, დევნილებად ქცეული უკრაინელი ქალები და ბავშვები?..

ღმერთო, შენ დაამარცხე ყველა აგრესორი, მშვიდობა დაუმკვიდრე უკრაინელ ხალხს და გონება გაუნათე მის ხელისუფლებას, რომლის დამოკიდებულებაც ქართველი ხალხისა და მთავრობის მიმართ არაადეკვატურია და, თუ ასეთი ცალსახა დამოკიდებულებით საზღვრავს ხალხთან ურთიერთობას უკრაინის ხელისუფლების ამჟამინდელი ხელმძღვანელობა, გამოდის, რომ ის უკრაინელი ხალხის ძირეული ინტერესების გამტარებელიც არ არის!..”

Cesko