უილ სმიტმა „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიაზე კრის როკს სილა გააწნა – ვიდეო

March 28, 15:20
0
351

ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის დროს, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მსახიობმა უილ სმიტმა კომიკოს კრის როკს სცენაზე სილა გააწნა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი ხუმრობა გახდა, რომელიც როკმა სმიტის ცოლის, ჯადა პინკეტ სმიტის მისამართით თქვა. „ჯადა, მიყვარხარ. მოუთმენლად ველი როდის ვნახავ „ჯარისკაცი ჯეინი 2“-ს, – განაცხადა სცენაზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის წარსადგენად ასულმა როკმა. „ჯარისკაცი ჯეინი“ 1997 წლის ცნობილი ფილმია, რომელშიც მთავარ როლს დემი მური ასრულებს. ერთ-ერთ სცენაში მურის პერსონაჟი თავს იპარსავს. ასეთი ვარცხნილობა აქვს პინკეტ სმიტსაც, თუმცა მის შემთხვევაში ეს თმის ცვენით არის განპირობებული, რაზეც მსახიობმა საჯაროდ არაერთხელ ისაუბრა.

როკის ხუმრობის შემდეგ უილ სმიტი სცენაზე ავიდა და კომიკოსს სილა გააწნა.

მოგვიანებით, როცა სმიტს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადასცეს ოსკარი ფილმისთვის „მეფე რიჩარდი“ მან ბოდიში მოუხადა აკადემიასა და ნომინანტებს, თუმცა არა როკს.

„ხელოვნება ცხოვრების იმიტაციაა. გიჟი მამასავით გამოვიყურები, ამას ამბობდნენ რიჩარდ უილიამსზე, მაგრამ სიყვარულის გამო სიგიჟეებს ვაკეთებ“, – განაცხადა სმიტმა.

Cesko