თამარ დედოფლის 5 ქორწინება – 20 წლიანი ძმათამკვლელი ომები საქართველოში ერთი მშვენიერი ქალის გამო

0
4586
76 Views

საქართველოს ისტორიაში მრავალი ქართველი ქალის სახელი ოქროს ასოებით არის ჩაწერილი. ზოგი წმინდანია, ზოგი წარჩინებული, ზოგიც უბრალო ერისშვილი. მათ ღვაწლს სამშობლოს ბედი ხშირად სასიკეთოდ გადაუწყვეტია, ბევრი მათგანის სიცოცხლე ამას შესწირვია კიდეც.

მაგრამ ყველა ისტორიას აქვს თავისი ბნელი, სამარცხვინო ფურცლები, რომელთა გაცნობისას ანტიგმირების პორტრეტები იკვეთება.

კონსტანტინე მუხრანბატონის ასულის, თამარის, გამო რომელიც გიორგი სააკაძის შვილთაშვილი – ქალიშვილის შვილიშვილი – გახლდათ, დასავლეთ საქართველოს სამეფო კარზე არაერთხელ დაიღვარა სისხლი. ძმათამკვლელ ბრძოლებში მეფეები და ფეოდალები იყვნენ ჩართული. ამ ქალთან სარეცლის გაყოფის უფლების მოსაპოვებლად ქვეყნის ბედი სასწორზე იდებოდა.

იყვნენ სხვა ქალებიც, რომლებიც ქვეყანაში შუღლის, დაპირისპირების საბაბი ხდებოდნენ. ამ ისტორიებს მეცნიერებათა დოქტორი ნიკო ჯავახიშვილი გვიამბობს.

– ბატონო ნიკო, სანამ თამარ მუხრანბატონის შესახებ მოგვითხრობთ, ჯერ მოკლედ აღვწეროთ იმდროინდელი დასავლეთ საქართველოს შიდა ვითარება.

– მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში ამ მხარეში სასტიკი შინაფეოდალური ომები იყო. 40 წლის განმავლობაში, ანუ 1660 წლიდან 1701 წლამდე, იმერეთში 17-ჯერ გადააგდეს ტახტიდან მეფე, ამათგან 4 მოკლეს, ხოლო 13 გააძევეს. ალექსანდრე III-ის გარდაცვალების შემდეგ იმერეთის სამეფო ტახტის გამო არეულობა დაიწყო. ტახტისთვის იბრძოდა ორი პრეტენდენტი – ალექსანდრე III-ის ძე ბაგრატი და ალექსანდრე III-ის მეორე ცოლი, დარეჯან დედოფალი (კახეთის მეფის, თეიმურაზ I-ის ასული და ზურაბ ერისთავის ნაცოლარი). იმერეთის სამეფო ტახტზე ავიდა კანონიერი მემკვიდრე ბაგრატი, რომელიც ისტორიაში ბაგრატ IV-ის სახელით დამკვიდრდა, მაგრამ ქვრივი დარეჯანი ასე ადვილად არ აპირებდა ტახტის დათმობას.

ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი გვამცნობს: “ალექსანდრეს დარეჯანთან შვილი არ ჰყოლია. ტახტზე ბაგრატის ასვლისთანავე დარეჯანმა მისი ცოლობა მოინდომა და სცადა მისი დაყოლიება. დარეჯანი ლამაზი ქალი ყოფილა, მაგრამ ბაგრატი მაშინ მხოლოდ 15 წლისა გახლდათ და დარეჯანის მომხიბვლელობას ჯერ კიდევ არ შეეძლო განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოეხდინა მის გულზე… დედინაცვლის წინადადებამ საშინლად იმოქმედა მასზე და ზიზღით უპასუხა. დარეჯანი დარწმუნდა რა, რომ ტახტს ვერ დაიკავებდა, ბაგრატს შერთო თავისი ნათესავი 12 წლისა”.

– ვინ იყო ის ნათესავი, რომელიც გერს შერთო ცოლად?

– მისი ძმისშვილი, დათუნას ასული ქეთევანი. ამ ქორწინებით მან გერი დაიმორჩილა და ფაქტობრივად ტახტს თავად განაგებდა. დაქვრივებულ დედოფალ დარეჯანს განუზომელი ძალაუფლება ჰქონდა. მემატიანე წერს: “ის მეფეც იყო და დედოფალიცა, ბაგრატს არაფერი ეკითხებოდა”.

– ისტორიიდან ვიცით, რომ დარეჯანი არც ამას დასჯერდა, მას უფრო დიდი მიზნები ჰქონდა.

– 1661 წელს დარეჯანმა სამეფო ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა, კერძოდ, თავისი გვირგვინოსანი გერი ტახტიდან ჩამოაგდო “და აღმოხადნა თვალები”. ქვრივი დედოფალყოფილი ამასაც არ დასჯერდა და გერს ცოლიც წაართვა.

დარეჯანმა იმერეთის მეფობა მამამისს, თეიმურაზ I-ს, შესთავაზა, რომელიც იმ ხანებში იმერეთში იყო გადახვეწილი. როდესაც თეიმურაზ I-მა იმერეთის მეფობაზე უარი განაცხადა, დარეჯანმა უარესი ნაბიჯი გადადგა და ვახტანგ ჭუჭუნაშვილზე გათხოვდა. ვახტანგი ბაგრატიონთა იმერეთის შტოს წარმომადგენელი იყო, ალექსანდრე III-ის შორეული ნათესავი, რომელსაც ჭუჭუნაშვილის ზედწოდებით იცნობდნენ.

ჟან შარდენი მოგვითხრობს: “დარეჯანის მომხრე დიდებულებს შორის იყო ერთი, სახელად ვახტანგი, რომელიც მას თავდავიწყებით უყვარდა. დარეჯანი მისთხოვდა მას და მეფედაც აკურთხა იგი”.

ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაში ვკითხულობთ: “დარეჯან დედოფალმან… მოიყვანა ვინმე მეფეთა მონათესავედ წოდვილი ვახტანგ, რომელსა ჭუჭუნიას შვილობითაც უხმობდნენ, შეირთო ქმრად იგი და დაიპყრა იმერეთი და ვახტანგს უწოდა მეფედ”.

იმერეთის თავადები ამ კაცის გამეფებას არ შეურიგდნენ და დარეჯანისა და მისი მეუღლის ტახტიდან ჩამოსაგდებად ზოგი ქართლის მეფეს, ვახტანგ V-ს დაუკავშირდა, ზოგიც ვამეყ დადიანს. სანამ ვახტანგ V იმერეთში ჩავიდოდა, დადიანმა დაასწრო იმერეთის ტახტზე ასვლა, მაგრამ ვახტანგ მეფემ ცივად გააგდებინა სამეფო გვირგვინი ხელიდან.

დადიანმა და ვახტანგ V-მ იმერეთი შუაზე გაიყვეს, დადიანმა კი თავისი ასული ვახტანგ მეფის უფროს ვაჟზე, არჩილზე დანიშნა. მოკავშირეეები ისე დაშორდნენ ერთმანეთს, რომ ბაგრატ IV ქუთაისის ციხიდან არ გამოუშვიათ.

– რამდენადაც ცნობილია, ლევან II დადიანმა ვახტანგ მეფესთან დადებული პირობა დაარღვია.

– დიახ, დადიანმა პირობა დაარღვია და თავისი ასული იმერეთის თავადს, ბეჟან ღოღობერიძეს შერთო ცოლად. ამით ძალიან განაწყენდა ვახტანგ V და სამეგრელოში გადავიდა. დადიანმა ცოლ-შვილი მეფეს შეატოვა, თავად კი სვანეთში გადაიხვეწა. შემდგომში ვახტანგ მეფის საამებლად, ლეჩხუმის მთავარმა ხოსია ლაშხიშვილმა დადიანი მოაკვლევინა.

ვახტანგ V-მ დადიანის ტახტზე დასვა ლევან II დადიანის ძმისწული, შამადავლა იოსების ძე დადიანი. მიუხედავად იმისა, რომ ლევან II დადიანმა თავის ძმას, იოსებს, თვალები დასთხარა, იოსების შვილმა დადიანების ტახტზე ასვლის შემდეგ ბიძის სახელი დაირქვა და ლევან III დადიანად იწოდა.

– და ისევ მოხდა პოლიტიკური ქორწინება.

– დიახ. ვახტანგ V-მ ლევან III დადიანს ცოლად შერთო თავისი ძმისწული თამარი. ის საოცრად ლამაზი ყოფილა და სწორედ ეს ქალი გახდა დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავართა დაუოკებელი ლტოლვისა და ტრფობის ობიექტი. მის გამო წლების განმავლობაში ერთმანეთს ეომებოდნენ იმერეთის მეფე და დასავლეთ საქართველოს თავადები.

– ცნობილია, რომ თამარი ხუთჯერ იყო გათხოვილი, ამათგან ბაგრატ მეფეზე და ლევან III დადიანზე – ორ-ორჯერ.

– დიახ, თამარი ხუთჯერ გათხოვდა. ამ ქალის გამო დასავლეთ საქართველოში ბევრი სისხლი დაიღვარა. 1663 წელს იმერეთის ტახტზე ვახტანგ V-მ მეფედ დასვა ბაგრატ IV, რომელიც მანამდე ქართლში შინაპატიმრობაში ჰყავდა. საცოლედ კი თავისი მეორე ძმისშვილი თათია (თამარის და) გამოატანა. ამით ვახტანგ მეფე იმერეთის ტახტზე თავისი გავლენის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ დასავლეთ საქართველოს თავადებმა ეს არ ინებეს.

ლევან III დადიანმა იმერეთის ტახტზე არ მოისურვა ბაგრატ IV და ომი გამოუცხადა.

ჟან შარდენი მოგვითხრობს: “სამეგრელოს მთავარი დამარცხდა და ტყვედ წაიყვანეს ცოლიანად, რომელიც საქართველოს მეფისნაცვალმა სულ ორი თვის წინ გამოუგზავნა მას. ხმები დადიოდა, რომ მან ამ ახალგაზრდა დედოფალთან შეუღლებაც კი ვერ მოასწროო.

ქალი მეტად ლამაზი და ტანკენარი იყო. მე ბევრი ლამაზი ქალი ვნახე ამ ქვეყანაში, მაგრამ მისი მსგავსი სილამაზისა არავინ მინახავს. მას, რა თქმა უნდა, ბრალი მოუძღოდა იმ გრძნობის აღძვრაში, რომელსაც იგი მნახველში იწვევდა. თამარის ვნებიანი, ნაზი და მიბნედილი თვალები თითქოს მოითხოვდნენ კიდეც ტრფიალს და იმედსაც გაძლევდნენ. ერთი სიტყვით, მისი გარეგნობა და საუბარი ყველას იზიდავდა.

ეპისკოპოსმა გენათელმა, რომელიც იმერეთში ღირსშესანიშნავი პიროვნებაა, თამარი პირველი ნახვისთანავე უსაზღვროდ შეიყვარა. ეპისკოპოსმა ეს დედოფალი უსინათლო ბაგრატ მეფეს მის სილამაზეზე ოსტატურად თხრობით შეაყვარა და როდესაც ბაგრატს სიყვარულის ცეცხლი მოედო, შესთავაზა მისი შერთვა”.

როგორც გითხარით, ომში დადიანი დამარცხდა. იმერეთის თავკაცებმა კათოლიკოს სვიმონ ჩხეტიძის მეთაურობით დადიანი თამარს გააშორეს და ბაგრატ მეფეს შერთეს. მაშინ ბაგრატ მეფეს ცოლად თამარის და, თათია ჰყავდა. მეფემ თათია “ცოლობიდან განუტევა” და თამარი დაისვა ცოლად, ხოლო დადიანს თავისი განათხოვარი და, თინათინი (გოშაძის ნაცოლარი), შერთო.

– ცნობილია, რომ დადიანის და თინათინის ქორწინებაც ინტრიგის დახლართვის შედეგია.

– ძმის წაქეზებით თინათინი დატყვევებულ დადიანს ღამით ლოგინში შეუწვა, ხოლო დილით ბაგრატი თავზე დაადგა “მოტრფიალეებს”. მეფემ დადიანს უბრძანა, ოჯახის გაბახებას ვერ გაპატიებ და სიცოცხლე თუ არ მოგძულებია, ჩემი და ცოლად უნდა შეირთოო. დადიანმა სიკვდილს სირცხვილი არჩია და მეფის დაზე იქორწინა.

ამას მოჰყვა იმერეთის მეფე ბაგრატის დაქორწინება სამეგრელოს ყოფილ დედოფალ თამარზე, რომელსაც თვით ეპისკოპოსიც კი ეტრფოდა. ბაგრატ მეფეს და თამარს შეეძინათ ერთადერთი ასული დარეჯანი, რომელიც შემდგომში ცოლად გააყოლეს გურიის მთავარს, გიორგი III გურიელს (1651-1684წ.წ.).

– ცნობილია, რომ გურიელს თავდავიწყებით უყვარდა თამარი და ამ ქალის გამო სისხლისღვრასაც არ ერიდებოდა.

– დიახ, ამ ქორწინებამდე გიორგი გურიელს თავდავიწყებით უყვარდა თამარი და მის ცოლად მოყვანაზე ოცნებობდა. ის ახალციხის ფაშას დიდხანს ევედრა, ბაგრატ მეფისთვის ცოლი წაერთმია, რომ თავად შეერთო, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწია.

1672 წელს გურიელი ფაშასთან ერთად თურქთა ჯარით იმერეთში შეიჭრა. უსინათლო ბაგრატი დამარცხდა და დაატყვევეს. გურიელს თამარის ხელში ჩაგდება უნდოდა, მაგრამ ბაგრატმა მოასწრო და ცოლი კვარას ციხეში (რაჭა, მდინარე კრიხულის მარჯვენა სანაპირო) გახიზნა. დატყვევებულმა ბაგრატმა ფაშას უამრავი ქრთამი მისცა და იმერეთის ტახტი დაიბრუნა. მოძალადე გიორგი გურიელის თავიდან მოსაშორებლად კი მას ცოლად მისცა თავისი ასული დარეჯანი. სწორედ შემორიგების მიზნით დაინათესავეს იმერეთის მეფე-დედოფალმა გურიელი.

ნიკო დადიანის ცნობით, 1661 წელს, როდესაც ვახტანგ V-მ იმერეთში თავისი ძე, არჩილი, გაამეფა, ბაგრატ IV-ს წაჰგვარა თამარ დედოფალი და მის პირველ ქმარს, ლევან III დადიანს, დაუბრუნა. ეს თამარის მესამე ქორწინება იყო. 1679 წელს, როდესაც ბაგრატმა იმერეთის ტახტი დაიბრუნა, ოდიშში გაილაშქრა და ცოლყოფილი წამოიყვანა. ეს უკვე თამარის მეოთხე ქორწინება გახლდათ. 1681 წელს ბაგრატ IV გარდაიცვალა და იმერეთის ტახტზე გიორგი გურიელი ავიდა.

– ბაგრატს მემკვიდრე არ დარჩა?

– როგორც ისტორიაშია ცნობილი, ბაგრატ უსინათლოს უკანონო ვაჟიშვილი ალექსანდრე ჰყავდა, რომელიც იმ პერიოდში ქართლის მეფის, გიორგი XI-ის ტყვე იყო. ამ გარემოებით ისარგებლა გიორგი გურიელმა და იმერეთის ტახტზე ავიდა, თავისი მეფობის დასაწყისი კი იმით აღნიშნა, რომ კანონიერი მეუღლე დარეჯანი გაუშვა და ცოლად მისი დედა, ანუ სიდედრი, თამარ დედოფალი დაისვა. ეს თამარის მეხუთე, ანუ ბოლო ქორწინება, გახლდათ.

ფარსადან გორგიჯანიძე ამ ფაქტს ასე აღნიშავდა: “გურიელმან სწვალა ღმერთი და ჰგმო თავისი რჯული და ნაქორწილევი ცოლი გაუშვა და თავისი სიდედრი ცოლად შეირთო”.

იმერეთის თავადებს არ მოსწონდათ გურიელის ტახტზე ასვლა და ახალციხის ფაშას ეახლნენ, რომ მას ხონთქართან ეშუამდგომლა. იმერლების მოთხოვნა იყო ბაგრატ უსინათლოს უკანონო ძის, ალექსანდრეს, იმერეთში დაბრუნება და ტახტზე ასვლა. ხონთქრის ბრძანებით, 1683 წელს ალექსანდრე ქართლიდან წამოიყვანეს და იმერეთის ტახტზე ალექსანდრე IV-ის სახელით გაამეფეს.

მეფედყოფილი გიორგი გურიელი იძულებული გახდა, გურიაში გახიზნულიყო, ხოლო თამარი ოდიშში წავიდა, რომ სამეგრელოს მოსახლეობა ალექსანდრე IV-ის წინააღმდეგ აემხედრებინა. თამარმა მიზანს ვერ მიაღწია, რადგან 1683 წელს ოდიშში მოულოდნელად გარდაიცვალა.

ასე დასრულდა იმ ქალის სიცოცხლე, რომლის გამოც “უღირდათ სიცოცხლე” დასავლეთ საქართველოს იმდროინდელ მეფე-მთავრებს. ამ ქალთან სარეცლის გაზიარების გამო სრული 20 წლის მანძილზე იღვრებოდა ძმათა შორის სისხლი და მტრის სასარგებლოდ წყდებოდა დასავლეთ საქართველოს ბედ-იღბალი.

Cesko