რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე: რამდენად რეალურია მესამე მსოფლიო ომის საფრთხე?

0
467
31 Views

სანქციები, სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება, უცხოელი მოხალისეები – სწორედ ამ და სხვა ფორმით ოფიციალურ კიევს ბევრი ქვეყანა ირიბად უჭერს მხარს. რა შეიძლება ამან გამოიწვიოს?- Deutsche Welle-მ აღნიშნული კითხვით ექსპერტებს მიმართა.

რა ხდება?

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან 20 დღეზე მეტი გავიდა. ოფიციალური კიევი აგრესორს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს. ამავდროულად, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა უკრაინას სხვადასხვა დონეზე უჭერს მხარს. აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელმაც 2 მარტს რუსეთის ფედერაციის აგრესია დაგმო, 193 სახელმწიფოდან 141-მა დაუჭირა მხარი. ამ სამხედრო კონფლიქტში ბევრი ქვეყანა უკვე ირიბად არის ჩართული, მათი უმრავლესობა კი უკრაინის ხელისუფლებას უთანაგრძნობს. ეს მხარდაჭერა დასავლეთის ქვეყნების მხრიდან, მათ შორის გერმანიიდან, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები და უკრაინის მხარდასაჭერად ომში უცხოელი მოხალისეების ჩართულობა.

გახდება თუ არა ეს ომი “მსოფლიო”?

მესამე მსოფლიო ომის საფრთხის შესახებ დასავლურ მედიაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ. თუმცა ექსპერტების უმეტესობას, მათ შორის DW-ს მიერ გამოკითხულ სპეციალისტებს, განსხვავებული მოსაზრება აქვთ. ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის – Chatham House-ის ექსპერტის, მატიე ბულეგის თქმით, მიმდინარე კონფლიქტი მესამე მსოფლიო ომი არ არის  და დასავლეთის ქვეყნები, გასაგები მიზეზების გამო, მის თავიდან არიდებას ცდილობენ. „არც საფრანგეთი და არც დიდი ბრიტანეთი რუსეთს ომს არ გამოუცხადებენ, თუ გაუთვალისწინებელი ესკალაცია არ მოხდა“, – ამბობს ექსპერტი.

უკრაინაში მიმდინარე ომი რომ „მსოფლიო“ გახდება, ამისი არც პროფესორ ანგელიკა ნუსბერგერს სჯერა. ის კიოლნის უნივერსიტეტში აღმოსავლეთ ევროპის სამართლის ექსპერტი და წარსულში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა. „ეს არის ორი ქვეყნის ომი, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმით დაიწყო. ის არ ეხება სხვა სახელმწიფოებს, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის გამოსვლებში დასავლეთსა და ნატოს თავის რიტორიკულ მოწინააღმდეგეებად აღიქვამს“, – ამბობს ანგელიკა ნუსბერგერი.

მისი განმარტებით, ეს ომი „მსოფლიო“გახდება იმ შემთხვევაში, თუ მასში დიდი სახელმწიფოები თავიანთი შეიარაღებული ძალების გამოყენებით მიიღებენ მონაწილეობას. „ამის საფრთხე იქნება, თუ საქმე რუსეთის ფედერაციასა და ნატოს შორის დაპირისპირებამდე მივა”, – ამბობს ექსპერტი.

ნიშნავს თუ არა სანქციების დაწესება ომის გამოცხადებას?

ექსპერტები არ ეთანხმებიან ვლადიმერ პუტინს, რომელმაც განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მისი ქვეყნისთვის “ომის გამოცხადების ტოლფასია”. თუმცა იქვე ისიც დასძინა, რომ “საქმე ჯერ აქამდე არ მისულა”. “ეს შეკავების მექანიზმების სრული უგულებელყოფის მაჩვენებელია“, – ამბობს ექსპერტი ბულეგი და იქვე დასძენს: “თუ რუსეთს ურჩევნია, რომ სანქციები ომის აქტს გაუტოლოს, ეს მისი გადასაწყვეტია“.

„სანქციების დაწესება ომის გამოცხადებას არ ნიშნავს. ეს არის რეაქცია საერთაშორისო სამართლის, კერძოდ კი. გაეროს წესდების დარღვევაზე, რომელიც ძალადობას კრძალავს“, – ამბობს ანგელიკა ნუსბერგერი. ექსპერტის განმარტებით, გაეროს წესდების დარღვევაზე დასავლეთის პასუხი შეიძლება იყოს სხვა ეკონომიკური ხელშეკრულებების დარღვევის საფუძველი. „ასე რომ, ეს არ არის ომის გამოცხადება“, – ასკვნის ანგელიკა ნუსბერგერი.

იარაღის მიწოდება ომში ირიბ მონაწილეობას არ ნიშნავს?

ანგელიკა ნუსბერგერის განმარტებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხდება და  ეს ქმედებები მიმართულია იქითკენ, რომ ოფიციალურმა კიევმა თავის დაცვა შეძლოს. ექსპერტის თქმით, საერთაშორისო სამართლისთვის გადამწყვეტია ის ფაქტი, რომ იარაღის ან მებრძოლების გამოყენების გადაწყვეტილებას მეორე მხარე ანუ უკრაინა იღებს. ნუსბერგერის განმარტებით, ეს ეხება საბრძოლო თვითმფრინავებსაც, რომელთა მიღებასაც ნატოს ქვეყნებიდან უკრაინა დღემდე წარუმატებლად ცდილობს.

მატიე ბულეგი კი თვლის, რომ დახმარების ასეთი ფორმა არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ – აუცილებელიც. „ჩვენ თვითონ ვქმნით რაღაც ხელოვნურ ბარიერს, რომელიც დასავლეთის დახმარებას ზღუდავს. ვამბობთ, რომ არ შეიძლება საუბარი გამანადგურებელ თვითმფრინავებზე, რადგან ამან შეიძლება კრემლის მხრიდან ზედმეტად მძაფრი რეაქცია გამოიწვიოს და სწორედ ეს არის ესკალაციის რისკი. თუმცა საიდან ვიცით ჩვენ ეს ყველაფერი, თუ ამ მიმართულებით არაფერი გვიცდია?”, – ამბობს Chatham House-ის ექსპერტი.

ბულეგი იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით ეტაპობრივ მიდგომას გვთავაზობს. ექსპერტის განმარტებით, ყოველ ასეთ ნაბიჯს თან უნდა ახლდეს განმარტება, რომ ეს არის „არა ომის გამოცხადება, არამედ ნებაყოფლობითი კოალიციის ქმედებები უკრაინის მხარდასაჭერად, რომელიც თავს იცავს“. ბულეგის თქმით, წითელი ხაზი, რომელსაც დასავლეთი არ გადაკვეთს, უკრაინაში სამხედროების პირდაპირი გაგზავნა იქნება. ის დარწმუნებულია, რომ დასავლეთს კიევისთვის მეტის გაკეთება ყოველთვის შეუძლია: „როგორც კი ვიტყვით, რომ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, ჩვენ წავაგებთ!“.

Cesko