ვისგან ისესხა ბრალდებულმა აკო ჭელიძემ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებისთვის თანხა? – აქამდე უცნობი დეტალები

0
832
56 Views

ნიკა კვარაცხელიას მკვლელების განაჩენის მოლოდინი და მოწმის ჩვენება, რომლითაც წინასწარ ორგანიზებული მკვლელობის ვერსია მყარდება. ბრალდებულები დუმილს მომავალ პროცესზე დაარღვევენ.

ნიკოლოზ ფეიქრიშვილი, რომლის გვარიც ნიკო კვარაცხელიას საქმეში გაჩნდა, მკვლელობაში ბრალდებულების მეგობარია. ის გამოძიების ინტერესის ერთ-ერთი ობიექტი იყო. საქმეში ფეიქრიშვილის ჩვენებასთან ერთად, მისი ტელეფონის და გადაადგილებების შესახებ ინფორმაციაც იძებნება.

რა როლი აქვს ფეიქრიშვილს აღნიშბულ საქმეში – “კურიერმა” მისი ჩვენება მოიპოვა, რომლითაც ირკვევა, რომ მკვლელობის დაგეგმვის დროს გასაქცევი თანხა აკო ჭელიძემ მისგანაც ისესხა.

რამდენად სანდოა გამოძიებისთვის მოწმის ეს ჩვენება და ვინ შეიძლება გახდეს პოტენციური ბრალდებული, პროკურორი დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა არ უარყოფს, რომ დამნაშავეთა წრე გაფართოვდება.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის მოტივი ოფიციალურად ჯერ ისევ არ სახელდება. ისევე, როგორც მკვლელობის დამკვეთების ვინაობა. დღეს, ხმაურიანი სხდომის ბოლოს გადაწყდა, რომ ბრალდებულები – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე 5-თვიან დუმილს 28 თებერვალს დაარღვევენ. რა პასუხი ექნებათ მათ მთავარ შეკითხვებზე, გასაიდუმლოებულია.

მოკლულის ნათესავები მკვლელობაში ბრალდებულებისთვის უვადო პატიმრობას და მკვლელობის დამკვეთების დასახელებას ითხოვენ. მათ საკუთარი პოზიცია სასამართლოს ეზოში დღესაც გამოთქვეს.

ბრალდებულებისგან ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის მოტივის დასახელებას ელოდება საქმის პროკურორიც.

28 თებერვალს ჩანიშნული სხდომა, სადაც ბრალდებულები უნდა დაიკითხონ, ერთ-ერთი ბოლო პროცესი იქნება, რის შემდეგაც უახლოეს პერიოდში ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების განაჩენიც გამოცხადდება.

Cesko