“ვახუშტის ხმა ჩამესმის ხოლმე: “საცოდავი მზეო”, დავრჩი მარტო სამყაროს პირისპირ…” – მზეო გოგოჭური

0
4349
29 Views

თელავში, გოგოჭურების პოეტურ ოჯახში დაბადებული მზეო გოგოჭური მართლაც მზესავით გოგო, ხელოვნებაზე უზომოდ შეყვარებული და ბუნებით შემოქმედი ადამიანია. ბავშვობიდან უყვარდა მუსიკა, სიმღერა, ლექსი და მხატვრობა.

პროფესია თავდაპირველად მშობლების სურვილით აირჩია _ ბანკების მუშაობა და ფინანსები ისწავლა, მაგრამ სულში ჩაბუდებულ მუზებს ვერ შეელია და ფრთების გაშლის საშუალება მისცა. სხვადასხვა დროს სხვადასხვა საქმეს შეეჭიდა, ლექსებსაც წერდა, ლიტერატურაც შეისწავლა, ჟურნალისტიც იყო ,,პირველ არხზე”. ყველაზე დიდი დრო და ენერგია კი მხატვრობას მიუძღვნა. თუმცა მისი ცხოვრების მთავარი ,,პროფესია” სულ სხვა იყო, რომელმაც უდიდესი ბედნიერება, სიხარული მოუტანა და მუდმივი სევდა დაუტოვა. ეს იყო მეუღლეობა დიდი ქართველი ლიტერატორის, მთარგმნელის, ფოლკლორისტის, პოეტის, ვახუშტი კოტეტიშვილის.

მათი შეუღლება საზოგადოებამ არაერთგვაროვნად მიიღო, ასაკში დიდმა სხვაობამ მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მზეოს მშობლიურ კუთხეში ფშავ-ხევსურებმა სიძე დაიწუნეს, ბებერიაო. ენამოსწრებულმა ვახუშტიმ მათ კაფია გაუგზავნა, სადაც ასეთი სტრიქონებია: ,,მე მგონი, კაცი ფასდება იმით, რაც უფრო მშვიდია, რაც უფრო მეტი სიბრძნე აქვს, რაც მეტი ტვირთის მზიდია, ძველ ღვინოს ენდეთ, ძმობილო, თორემ მაჭარი ფლიდია”.

ისინი 15 წელი იყვნენ ერთად. მზეო ,,სარკესთან” ამბობს, რომ ეს 15 წელი იყო ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე. ვახუშტი მთელი სიცოცხლე მზეოს ელოდა, ახლა კი მზეო ელოდება მასთან მისვლას…

__ ქალბატონო მზეო, სამყარო, სადაც ცხოვრობთ,  მოსვენებული არასდროს ყოფილა, დროდადრო ამოაყირავებდა ხოლმე ადამიანების ყოფნას ტოტალური ომები, მომაკვდინებელი პანდემიები, ბუნებრივი კატაკლიზმები, ახლაც მძიმე ჟამი გვიდგას, როგორ შეიცვალა ცხოვრება პანდემიის გამო?

_ ბევრი რამ გადაფასდა, ის ავადმყოფური სწრაფვა, გამდიდრებისა და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ამ პანდემიის დროს, ვფიქრობ, სრულიად ამაოა. ალბათ ხალხი მიხვდა და ვინც ვერ მიხვდა, ისინიც მალე მიხვდებიან, რომ მთავარი სიცოცხლეა და მას ვერანაირი ფული და თანამდებობა ვერ გადაწონის ამ ერთი ბეწო წუთისოფელში.

ისედაც უამრავი დრომოჭმული ჩვეულება გვქონდა, უზარმაზარი, ხალხმრავალი, ხმაურიანი ქორწილები, ხუთასკაციანი ქელეხები, ძალზე შეხუმრებული ფამილარული დამოკიდებულება, ხვევნა-კოცნა და ფუჭი ღირებულებები. კარგია, თუ ამ ყველაფერს გადავაფასებთ, სწორ გზას დავადგებით და ცხოვრების საბრძოლად სიყვარულს ავირჩევთ. უნდა ვიცოდეთ სიცოცხლის ყოველი დღის, ყოველი წუთის დაფასება.

დრო არადსდროს მყოფნიდა, საქმე ყოველთვის იმაზე მეტი მქონდა, ვიდრე დრო და ჩემი ინტერესებიც მრავალფეროვანი იყო. ძალიან მიყვარდა მუსიკა, სიმღერა და გული მწყდება, რომ საოპერო მომღერალი ვერ გამოვედი.

__ თქვენ, რომელსაც გიყვარდათ ლექსი, სიმღერა, მუსიკა, ხატვა, რატომ აირჩიეთ ისეთი განსხვავებული პროფესია, რაც ოდნავადაც არ იყო ახლოს თქვენს მისწრაფებასთან?

_ მიუხედავად იმისა, რომ საბანკო საქმე და ფინანსები იმ დროს ასეთი მოდური ფაკულტეტი არ იყო, მშობლები თვლიდნენ, რომ ეს მომავლის პროფესია იყო. მათი რჩევა გავითვალისწინე, მაგრამ რაც შენი არ არის, ის ვერასდროს გახდება შენი. შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე, სხვადასხვა ფაკულტეტი დავამთავრე და ჩემს თავს მივეცი საშუალება, ის საქმე მეკეთებინა, რაც მიყვარდა.

ახლა ვფიქრობ, ერთ კონკრეტულ საქმეს რომ გავყოლოდი, შეიძლება ბევრად წარმატებული ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, ერთ თემაზე კონცენტრირება არ შემეძლო. ჩემს ცხოვრებაში სხვადასხვა პერიოდი შემოდიოდა.

იყო დრო, როცა წერის სურვილი ამიტაცებდა და ვწერდი. შემდეგ სხვა ჟინი შემიპყრობდა, მას უნდა გავყოლოდი.  რეჟისორიც ვიყავი, ფილმი გადავიღე მხატვარ თენგიზ მირზაშვილზე. ერთი წელი მოვანდომე ამ საქმეს. ჩავისვამდი თენგიზს მანქანაში და ყველგან დამყავდა. ფირზე ვიღებდი მისი მუშაობის პროცესს. ეს არ იყო მხატვრული ფილმი, ეს იყო შემოქმედებითი პროცესის რეალური ასახვა, რაც დიდად საინტერესო იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ამ გენიალური მხატვრის პორტრეტის შექმნა.

შემდეგ სხვა მხატვრებზეც მინდოდა მთელი ციკლის გაკეთება, თავადაც ძალიან მიტაცებდა ხატვა და ერთ მშვენიერ დღეს სერიოზულად ავიღე ფუნჯი ხელში. ეს გატაცება არ აღმოჩნდა დროებითი. დღემდე ვხატავ და ეს არის ჩემი მთავარი პროფესია.

__ როგორც ვიცი, ლექსებსაც წერთ.

_ დიახ, ლექსებსაც ვწერ, მაგრამ საკუთარ თავს არასდროს ვუწოდებ პოეტს. თუ ცოტა ნიჭი გაქვს, პოეზია გიყვარს და ქართულ სიტყვასთანაც არ ხარ უბრად, ლექსის წერა შეიძლება ისწავლო. დავჯდები მაგიდასთან და დღეში თუნდაც ათ ლექსს დავწერ, მაგრამ ეს იქნება ლამაზად გარითმული უსულო, უემოციო სტრიქონები. აი, როცა თავში დამარტყამს, ფეხქვეშ მიწა შემერყევა და მაშინ დაიბადება ლექსი, ეს არის პოეზია. ასეთი კი ბევრი არ მაქვს.

__ ვახუშტი კოტეტიშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და დიდი სიყვარულით მოსილი პიროვნება ბრძანდებოდა, ალბათ თქვენც მის თაყვანისმცემელთა რიგებში იყავით. როგორ მოხდა თქვენი შეხვედრა და დაახლოება?

_ ვახუშტი მამაჩემის კურსელი და მეგობარი იყო. მე, რა თქმა უნდა, ვიცოდი მის შესახებ და მისი ხალხური პოეზიის საღამოებიც მხიბლავდა. შემდეგ მისი სტუდენტიც გავხდი. იგი საოცრად გალანტური მამაკაცი ბრძანდებოდა და სტუდენტ გოგონებს სასიამოვნო კომპლიმენტებს გვიძღვნიდა. მე ცოტათი უფრო გამომარჩევდა, ვიდრე სხვებს, მაგრამ სულ ეს იყო.

ამავე პერიოდში ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა. მაშინ ბატონი თამაზ ტყემალაძე ჩემი ხელმძღვანელი გახლდათ და ვახუშტიზე სიუჟეტს აკეთებდა. გადაღებაზე მეც წამიყვანა, შემდეგ რამდენჯერმე კიდევ ვესტუმრეთ. ბატონმა თამაზმა ალბათ იცოდა მისი სიმპათიების შესახებ და ჩვენს დაახლოებას ხელს უწყობდა. ძალიან საინტერესო იყო მათთან ერთად გატარებული საათები, თუმცა თავიდან არც მიფიქრია, რომ შეიძლებოდა ჩვენი ნაცნობობა დიდ სიყვარულში გადაზრდილიყო და ოჯახის შექმნით გაგრძელებულიყო.

__ როცა დადგა დრო, რომ თქვენ მას ცოლად უნდა გაჰყოლოდით, არ შეგაშინათ დიდმა ასაკობარივმა სხვაობამ?

_ როგორ არა. ბევრი ვიფიქრე ამაზე, არ იყო ადვილი გადასაწყვეტი. 29 წელი იყო ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა, მაშინ 29 წლის ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში იყო პირველი ქორწინება, მე და ჩემმა პირველმა მეუღლემ 4 წელი ვიცხოვრეთ ერთად. ნამდვილად კარგი ადამიანი იყო, მაგრამ სხვადასხვა პოლუსებზე ვიდექით, ამიტომ გავშორდით.

ვახუშტი იყო უდიდესი პიროვნება, გასაოცარი ადამიანი  თავისი ცოდნით, ინტელექტით, გარეგნობით, მამაკაცური ხიბლით, ვაჟკაცობით, ქალისადმი დამოკიდებულებით. ბავშვობიდან ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭი მქონდა, ჩემზე უფროსებსაც თამამად ვეკონტაქტებოდი. მაინტერესებდა მათი აზრები, შეხედულებები. ვახუშტიმ მთლიანად დამიპყრო თავისი ჭაბუკური ენერგიით, უზარმაზარი სიყვარულით, რომელიც ქარიშხალივით დამატყდა თავს.

სანამ შევუღლდებოდით, თითქმის ყოველდღე გვსტუმრობდა, გვიანობამდე რჩებოდა და წასვლა აღარ უნდოდა. მამაჩემს საყვედურობდა, ამდენ ხანს როგორ არ ვიცნობდი ამ გოგოსო. ჩვენ უამრავი საერთო გვქონდა, სამყაროს ერთნაირად ვუყურებდით, ერთ ენაზე ვსაუბრობდით.

ერთ დღესაც მითხრა, მზეო, ხომ ხედავ, როგორ კარგად, ბედნიერად ვართ ერთად, გაბედე, გადმოდი ჩემთან, ერთად ვიცხოვროთო. უკვე ისე მიყვარდა, აღარ მიყოყმანია, ვიფიქრე, ჯობია, მასთან ერთად ვიყო ბედნიერი, თუნდაც რამდენიმე წელი, ვიდრე მისი სიყვარულის გარეშე ვიცხოვრო ძალიან დიდხანს-მეთქი.

__ თქვენს შეუღლებას ბევრი უარყოფითად შეხვდა. მისი ოჯახის დანგრევის მიზეზად გასახელებდნენ.

_ ეს არ არის სწორი, მაშინ ვახუშტი ოჯახიდან კარგა ხნის წამოსული იყო. თბილისის ომის შემდეგ სახლიც დაეწვა და ქუჩაში დარჩენილი მეგობრის შვილის სახლში იყო თავშეფარებული სრულიად მარტო, უნუგეშო, ტრაგიკულ მდგომარეობაში. ჩვენმა სიყვარულმა დაუბრუნა სიცოცხლის ხალისი.

ხალხის აზრი კი დიდად არ გვაწუხებდა. ჩვენამდე მოსულ ჭორებზე ვხალისობდით. ამბობდა, ნეტავ, იცოდნენ, რა ბედნიერი ვარ ჩვენი ერთად ყოფნითო. ბევრი რამ გადავიტანე.  გვიჭირდა, სახლი არ გვქონდა, მაგრამ საოცრად ვავსებდით ერთმანეთს. ის ყოველთვის ცდილობდა ჩემს გახარებას.

საღამოობით მუდმივად გვსტუმრობდნენ ვახუშტის თანამოაზრენი. არასდროს ყოფილა ზღვარსგადასული ქეიფები. ეს იყო ჭიქა ღვინის თანხლებით საუბრები საინტერესო თემებზე, ქვეყნის ბედზე, ხალასი იუმორი, ლექსები, ნამდვილი ქართული ლხინის და ნიჭიერების ზეიმი.

__ თბილისის ომის პერიოდში ბატონ ვახუშტისაც აბრალებდნენ ზვიადის წინააღმდეგ გამოსვლებს.

_ ესეც დიდი ტყუილი და ხალხის შეცდომაში შეყვანის მცდელობა იყო. როგორ შეიძლებოდა ქვეყნის ისეთი მოყვარული კაცი, როგორიც ვახუშტი იყო, ზვიადის მტერი ყოფილიყო. მას ბევრჯერ ატკინეს გული, რომელიც სამშობლოსთვის უძგერდა. ძალიან აწუხებდა ასეთი შინააშლილობა და იმიტომაც დაწერა ეს ტრიქონები: ,,გავიბითურეთ სამშობლო, მართლაც სამოთხის სადარი, სხვა საქართველო კი არა, თვით საქართველო სად არი?”.

__ ალბათ თქვენც გიძღვნიდათ ლექსებს მეუღლე.   

_ დიახ, რამდენიმე ლექსი აქვს მოძღვნილი, მათ შორის განსაკუთრებთი უყვარდა ერთი:

,,ჩემი მარტოობის ბაღში გაჩნდა უცხო ყოილი,

როგორც უპატრონო ბავშვი, ნიავს ჩამოყოლილი,

ჩამძახიან, ვერ იქნება, ის შენს სახლში მოვლილი,

რადგან წლები ეფიქრებათ, ჩემზე ჩამოთოვლილი,

რა იციან, ზოგჯერ დარობს, დეკემბერში მაისი

და ენძელაც თოვლქვეშ ხარობს, როგორც ედელვაისი”.

__ განსაკუთრებით მძიმე იქნებოდა თქვენთვის მისი სიცოცხლის ბოლო ჟამი. თავად თუ გრძნობდა აღსასრულის მოახლოებას?

_ უმძიმესი იყო ბოლო ერთი წელი. ეს იყო მუდმივი გახსენება ჩვენი თხუთმეწლიანი ცხოვრების თითოეული დღის. თითქოს წიგნს ვფურცლავდით, თითოეულ მოგონებას ვეფერებოდით. ვახუშტი თავს დამნაშავედ თვლიდა. იცოდა, როგორ გამიჭირდებოდა ცხოვრება მის გარეშე. მეუბნებოდა, მზეო, სიცოცხლე უნდა გააგრძელო და იცოდე, არც მარტო დარჩეო.

მისი გარდაცვალების შემდეგ თითქოს ლამაზი სიზმარი დამთავრდა, დავრჩი მარტო სამყაროს პირისპირ. არ ვიცოდი, რა მეკეთებინა. გამომეცალა უდიდესი საყრდენი, ჩამოვიშალე და ჩამოვიღვენთე. ისევ ის დამეხმარა, უხილავი კავშირი მუდმივად არსებობს. მისი ხმა ჩამესმის, მეტყვის: ,,მზეო, ყოჩაღ!” შემაქებს, მომეფერება, ხან დარდიანად ჩამომარცვლავს: ,,საცოდავი მზეო” და ვიცი, რომ ვებრალები ცხოვრების ტვირთის მარტო საზიდად.

__ ვახუშტის სიცოცხლეში აღადგინეთ დამწვარი საგვარეულო სახლი, თქვენ ახლა იქ ცხოვრობთ?

_ დიახ, ვახუშტის კეთილშობილება ამაშიც გამომჟღავნდა. მან სიცოცხლეშივე იზრუნა და მოაგვარა ყველა პრობლემა, რომ მე უზრუნველყოფილი დავეტოვებინე.

ახლა ჩემი საფიქრალი მისი დანატოვარი შემოქმედებითი მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობაა. ბედნიერი ვარ, რომ ,,წიგნის სახლმა”, ქალბატონმა ნატა ლომოურმა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა მისი ავტოგრაფიული რომანი ,,ჩემი წუთისოფელი”. ბევრი გეგმა მაქვს, ასევე მინდა   მისი ხსოვნის საღამოს გაკეთება.

__ მის შთამომავლობასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

_ ნორმალური. ყველას თავისი ცხოვრება აქვს. თავდაპირველად მცირე გაუგებრობები იყო, შემდეგ  ყველაფერი დალაგდა.

__ როგორც მითხარით, ბატონ ვახუშტისაც არ უნდოდა, რომ მარტო დარჩენილიყავით მთელი ცხოვრება. არ გიფიქრიათ, გეპოვათ ცხოვრების თანამგზავრი?

_ ვიფიქრე ამაზე, მქონდა კიდეც მცდელობა. იყო პიროვნება, ვისაც ვუყვარდი და ოჯახის შექმნას მთავაზობდა, მაგრამ ვერ შევძელი. მე იმდენად მოცული ვარ ვახუშტის სიყვარულით, იმდენს ვფიქრობ და ვსაუბრობ მასზე, არ შეიძლებოდა სხვასთან მეცხოვრა და ვახუშტიზე მეფიქრა, მეოცნება. მის საფლავზე უნდა ვიარო, მისი დაბადების დღე აღვნიშნო, ჩემს მოგონებებს მოვეფერო. ვახუშტი ამბობდა, მზეო არის უბედურებაში გამოჩენილი ღვთის საჩუქარიო. ღვთის საჩუქრის სხვისთვის ჩუქება კი არ შეიძლება.

Cesko