შეყვარებული წყვილები მის საფლავზე დღემდე მიდიან…

0
1333
57 Views

თბილისში, ნაძალადევის რაიონში ერთი არაფრით გამორჩეული სახლია. იქ „მჯდომარე ანასტასია“ ცხოვრობდა. ქალბატონს, რომელმაც მთელი დარჩენილი ცხოვრება დაკარგულ სიყვარულს მიუძღვნა, დღეს ბევრი შეყვარებულების მფარველად მოიხსენიებს.

ანასტასია ნიკიშევას შესახებ ცნობები მწირია. მისი მშობლები თბილისში საცხოვრებლად სანქტ-პეტერბურგიდან გადმოვიდნენ. ის 1884 წელს დაიბადა და 84 წლის ასაკში, 1970 წელს გარდაიცვალა. 19 წლიდან კი 65 წელი მჯდომარემ გაატარა. ტრაგიკულმა სიყვარულმა ანასტასია სალოსად აქცია. მის შესახებ საზოგადოებას მოგონება არქიმანდრიტმა რაფაელ კარელინმა შემოუნახა, რომელიც მას სალოსად მოისხსენიებს.

აი, რას წერდა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დედა ანასტასიას შესახებ არქიმანდრიტი რაფაელი, თავის წიგნში „გადარჩენის საიდუმლო“:

„ცხოვრებაში ისეთ ადამიანებს შევხვედრივარ, რომლებიც მუდმივი სასწაულის ატმოსფეროში ცხოვრობდნენ. მათთვის თითქოს არ არსებობდა ფიზიკის კანონები, ადამიანის უძლურება, ვნებები, რომლებიც სულს აზიანებს. თითქოს მათთვის, ხატოვნად რომ ვთქვათ, არ არსებობდა მიზიდულობის ძალა.

ასეთი ადამიანი იყო ანასტასია, რომელსაც ხალხი „მჯდომარე ანასტასიას” ეძახდა. მისი ღვაწლი ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატებოდა, ისევე, როგორც ძველი მესვეტეებისა. საკუთარი თვალით რომ არ მენახა და მხოლოდ გამეგონა ანასტასიას შესახებ, ალბათ, გულში ეჭვი შემეპარებოდა, ისევე, როგორც შესაძლოა, ამ სტრიქონის მკითხველს. მაგრამ, ჯერ კიდევ ცოცხლები არიან მოწმეები, თვითმხილველები, ჩვენს დროში მოვლენილი ამ სასწაულისა“. – წერდა არქიმანდრიტი რაფაელი.

ანასტასია საზანოვა 1886 წელს დაიბადა თბილისში. დედა პატარა ასაკში გარდაეცვალა და დედინაცვალმა გაზარდა. ანასტასია ძალიან მორწმუნე გოგონა იყო და სახლთან ახლოს მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში გალობდა. სლავური გარეგნობის გოგონას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ მას ერთი უბრალო ღარიბი ოფიცერი შეუყვარდა და მასზე დაინიშნა კიდეც. დედინაცვალს გერის ეკლესიური ცხოვრება ძალიან აღიზიანებდა და არც მისი საქმრო მოსწონდა. 1905 წელს პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე ანასტასიას საქმროც გაიწვიეს.

ოფიცერი მასთან სახლში გამოსამშვიდობებლად მივიდა, მაგრამ დედინაცვალმა უთხრა: ანა ჭკუიდან შეიშალა, გაკოჭეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანესო. სასოწარკვეთილმა ოფიცერმა იარაღი ამოიღო და ადგილზევე მოიკლა თავი. ანასტასია წირვაზე იმყოფებოდა, სახლში რომ დაბრუნდა და საქმრო მკვდარი ნახა, მუხლებზე დაეშვა და ამ დღიდან დაიწყო მისი მოწამებრივი მოღვაწეობა.

სურდა, თვითმკვლელის სულისათვის ელოცა. სწორედ ამის გამო ხალხმა მას „მჯდომარე ანასტასია“ შეარქვა. ანასტასია ათეული წლების მანძილზე, 1905 წლიდან 1970 წლამდე, სიცოცხლის ბოლომდე უძრავად, ქარსა და წვიმაში, მზესა თუ თოვლში საკუთარ ქუსლებზე იჯდა და განუწყვეტლივ ლოცულობდა. ის 1970 წლის 7 ივნისს გარდაიცვალა.

კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს. მას შემდეგ მის საფლავზე მიმსვლელთა რაოდენობა თანდათან მატულობდა. ანასტასიას საფლავზე მიმსვლელებს თან ვაშლები მიაქვთ, რომლებსაც ჯვრის სახით აწყობენ. ვაშლების მიტანის ტრადიცია ერთ ისტორიას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, მჯდომარე ანასტასიამ ავადმყოფი ქალი ვაშლით განკურნა.

მის საფლავზე დღემდე მიდიან მორწმუნეები და სთხოვენ შემწეობას. იგი ეხმარება ავადმყოფობებს განკურნებაში, ოჯახის შექმნაში, სიდუხჭირეში მყოფთ… აღესრულება სხვა მრავალი სასწაული რწმენით მისული ადამიანებისთვის.

Cesko