„თურქეთის მსგავსად ჩინეთსაც აწყობს, საქართველო იყოს რუსეთის ოპონენტი და თვითონ იმეგობროს საქართველოსთან“

0
765
50 Views

მოუწევს თუ არა საქართველოს ჩინეთისთვის თავისი პოლიტიკური ორიენტაციის მკაფიოდ დაფიქსირება, როგორც ეს რუსეთთან მიმართებით ხდება? თავის დროზე ასეთი მოსაზრება ლიეტუვის ელჩმა გამოთქვა, მოგვიანებით კი თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმაც დაადასტურა, რომ ჩვენი პარტნიორები დაელოდებიან, თუ რომელ ბანაკში აღმოჩნდება საქართველო.

ხიდაშელის აზრით, ჩვენგან მკაფიო პოზიციის დაფიქსირება ჩინეთისთვის შეიძლება მაშინ გახდეს საჭირო, თუ გაეროში პეკინის მიერ მასობრივად უფლებაშელახული უიღურების, ან ტაივანში შეჭრის საკითხის განხილვა დაიწყება.

ფაქტია, ჩინეთის ინტერესები კავკასიაში, კონკრეტულად კი საქართველოსთან მიმართებით მზარდია. თუმცა ჩინეთს ეს ხელს არ უშლის, რუსეთს პრაგმატული მოსაზრებით დაუახლოვდეს.

მას შემდეგ, რაც რუსეთ-ჩინეთის ლიდერებმა მსოფლიოში ძალთა გადანაწილების ახალ აუცილებლობაზე ისაუბრეს, პირველად ისტორიაში პეკინმა პუტინს მხარი დაუჭირა და ნატო-ს გაფართოების წინააღმდეგ ღიად გამოვიდა. ეს კი ნიშნავს, რომ ჩინეთს ნატოში საქართველოს სწრაფვა სულაც არ იზიდავს.

როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს საქართველომ რუსეთ-ჩინეთის დაახლოებისას და რამდენ ხანს გასტანს ამ ორი გიგანტი სახელმწიფოს, ანუ რუსეთისა და ჩინეთის მეგობრობა, რომელსაც ზოგიერთები სტალინისა და მაოს ურთიერთობას ადარებენ?

პოლიტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობა სტალინისა და მაოს კონტექსტში სულაც არაა კარგი მაგალითი მათი ერთიანობის სასარგებლოდ, რადგან მაომ მერე „გადააგდო“ სტალინი. ეს არცაა გასაკვირი, ჩინეთი არასდროს არ მუშაობს რუსეთის დღის წესრიგით. ჩინეთი მუშაობს ჩინეთის დღის წესრიგით და, თუ დღეს ჩინეთი შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთთან ალიანსში, ეს მოხდება არა რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ჩინეთის ინტერესიდან გამომდინარე.

„ჩინეთი არის ძალიან მყარი, მსოფლიოში უკვე ნომერ პირველი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, პრაქტიკულად, უსწრებს ამერიკას, რუსეთი კი არის „ჭე“ კლასში, ამიტომ რუსეთს სჭირდება ჩინეთი და არა ჩინეთს-რუსეთი. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩინეთი შორსაა საქართველოდან, ჩვენი მეგობარია, გარკვეული ინვესტიციები აქვს ჩვენთან, ამიტომ უნდა გვქონდეს გაწონასწორებული, ზომიერი პოლიტიკა ჩინეთთან. მათ ყოველთვის უნდა ვაგრძნობინოთ, რომ მზად ვართ მათთან გვქონდეს კარგი ურთიერთობები, თუ ეს ხელს არ შეგვიშლის, რუსეთთან გვქონდეს პრინციპული და მიუღებელი პოლიტიკა. არასდროს არ უნდა ვაგრძნობინოთ ჩინეთს, რომ ჩვენთვის მიუღებელია რუსეთი, რადგან თურქეთის მსგავსად, ჩინეთსაც აწყობს, რომ საქართველო იყოს რუსეთის ოპონენტი და თვითონ იმეგობროს საქართველოსთან. საქართველომ ვერაფრით ვერ შეიგნო, რომ ყველაზე კარგი პოლიტიკაა, არაფრით არ გააღიზიანო, მაგრამ იმოქმედო“, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

ამასთან, იგი განმარტავს, რომ ჩინეთ-რუსეთის ალიანსების არ სჯერა. როდესაც ჩინეთს გაუჩნდება სურვილი, სხვა პოლიტიკაზე გადავიდეს, არავის შეეკითხება. ჩინეთის კომუნისტურმა რეჟიმმა უარი უთხრა საბჭოთა კავშირს და გადავიდა კაპიტალისტური ამერიკის მხარეს, რადგან იმ დროს ჩინეთის ინტერესებში იყო არა საბჭოთა კავშირთან, არამედ ამერიკასთან ყოფნა. ასე რომ, ჩინეთი ბევრ სიურპრიზს მოუმზადებს კიდევ რუსეთს.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ძალიან მკვეთრი ცვლილებები გეოპოლიტიკურ განლაგებაში, როგორც წესი, არ ხდება ხოლმე. თუმცა რაც არ უნდა ვმალოთ, ჭირი თავს არ დამალავს და აშკარაა, რომ ლიბერალურ დემოკრატიას, ანუ არსებობის დასავლურ მოდელს ალტერნატივები უჩნდება. ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ალტერნატივაა ჩინეთი, უმძლავრესი, უმსხვილესი ქვეყანა. ზედმეტი ხმაურის გარეშე ის დასავლეთთან კონკურენციაში სულ უფრო წარმატებული ხდება და სულ უფრო მიიწევს აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ამ გზაზეა საქართველოც.

„ცხადია, ჩინეთი არ ემხრობა ნატო-ს გაფართოებას, რადგან კონკურენტია და დასავლეთის კონკურენტად აღიქვამს თავს. შედგება თუ არა რუსეთ-ჩინეთის ალიანსი, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან რუსეთს და ჩინეთს ბევრი რამ აქვთ გასაყოფი, თვითონ რუსეთის ტერიტორიაზეც კი ხანდახან სადავოა, ვისი გავლენა მეტია – ჩინეთის თუ რუსეთის. შუა აზიის ქვეყნებშიც კი, სადაც რუსეთის გავლენა უპირობოა, ჩინეთის გავლენა საათობრივად იზრდება, მთელი ინფრასტრუქტურა ამ ქვეყნებში ჩინური ინვესტიციითაა მოწყობილი, ეს სერიოზული ძალაა. ასე რომ, მრავალპლანიანი პროცესები ვითარდება. ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, რუსეთი და ჩინეთი ალიანსს შექმნიან თუ არა. საქართველოს მოუწევს გარკვეული ზომების მიღება, რომ ამ პროცესებისგან არ დაზიანდეს“, – გვითხრა დავით ზარდიაშვილმა.

 

Cesko